ლარნაკა, კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტი, ნამდვილად მომხიბვლელია. მას აქვს ულამაზესი ხმელთაშუა ზღვის პლაჟები სუფთა წყლითა და პალმებით, მზის სიმრავლე, მდიდარი ისტორია და კულტურა. კულინარიული სიამოვნებები აქ თავგადასავლის კიდევ ერთი ნაწილია. ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ლარნაკაზე – მის ღირსშესანიშნაობებზე, განთავსებაზე, კაფე-ბარებსა და გასართობ ადგილებზე. მზად ხართ ლარნაკაში მოგზაურობისთვის?
ლარნაკა – დაგეგმე სრულყოფილი მოგზაურობა
სად დავრჩეთ ლარნაკაში?
ლარნაკაში დასარჩენი ადგილის არჩევა დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე – ეძებთ სიმშვიდესა და დასვენებას, აქტიურ ღამის ცხოვრებას, თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ. აი, რამდენიმე საუკეთესო უბანი, სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ:
ფინიკუდესი (Finikoudes)
ეს არის ლარნაკას გული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი ტურისტებისთვის. აქ ნახავთ ცნობილ პალმებით გაფორმებულ სანაპირო ზოლს, უამრავ რესტორანს, კაფეს, მაღაზიას და ღამის კლუბს. ყველაფერი ხელმისაწვდომია ფეხით სავალ მანძილზე, მათ შორის ლარნაკას მარინა და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები.
იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ქალაქის ცენტრში ყოფნა, აქტიური დასვენება და ყველაფერთან ახლოს ყოფნა. აქ ნახავთ როგორც ლუქს კლასის სასტუმროებს, ასევე თანამედროვე აპარტამენტებს.
დროსია (Drosia)
ეს უბანი უფრო მშვიდი და ოჯახებისთვის შესაფერისია. დროსია გამოირჩევა თავისი საცხოვრებელი გარემოთი, პარკებითა და მოედნებით, რაც მას ოჯახური დასვენებისთვის კომფორტულს ხდის. ის ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, რაც აქტივობებზე წვდომას ამარტივებს.
ვისთვის არის კარგი არცევანი? ოჯახებისთვის ბავშვებით, ან მათთვის, ვისაც მშვიდი და წყნარი გარემო ურჩევნია ქალაქის აურზაურისგან მოშორებით. ხელმისაწვდომია როგორც აპარტამენტები, ასევე სასტუმროები.
სკალა (Skala)
თუ გსურთ ნამდვილი კვიპროსული გამოცდილება ბიუჯეტურ ფასად, სკალა შესანიშნავი არჩევანია. აქ ნახავთ ტრადიციულ სახლებსა და ვიწრო ქუჩებს. სკალა ახლოსაა ლარნაკას ისტორიულ ძეგლებთან, მათ შორის შუა საუკუნეების ციხესიმაგრესთან.
კარგი არჩევანია ისტორიის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისაც ურჩევნია ადგილობრივი კულტურის გაცნობა და ბიუჯეტური დასვენება. აქ შეხვდებით ძირითადად გესთჰაუსებს და პატარა სასტუმროებს.
მაკენზი ბიჩი (Mackenzie Beach)
თუ აქტიური პლაჟის დასვენება და გართობა გიზიდავთ, მაკენზი საუკეთესო არჩევანია. ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროთი, ცოცხალი ბარებით, რესტორნებით და წყლის აქტივობებით. ის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, რაც მოგზაურობას აადვილებს.
კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს დინამიურ ღამის ცხოვრებას სანაპიროსთან ერთად და უყვარს გართობა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ძვირადღირებული კურორტები, ასევე ბუტიკ სასტუმროები.
ფანერომენი (Faneromeni)
თუ ბუნებასთან სიახლოვე და სიმშვიდე გსურთ, ფანერომენი იდეალურია. ეს არის მწვანე და წყნარი უბანი, რომელიც ახლოსაა ლარნაკას მლაშე ტბასთან, სადაც სეზონის განმავლობაში ფლამინგოების ნახვაა შესაძლებელი.
შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება, დასვენება და სიმშვიდე. ძირითადად გამოირჩევა საშუალო ფასის სასტუმროებითა და კომფორტული საცხოვრებლებით.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ლარნაკაში?
ლარნაკა მდიდარია როგორც ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ასევე ბუნებრივი სილამაზით. აი, ის ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
ლარნაკას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე
სანაპიროსთან მდებარე ეს ციხესიმაგრე მე-17 საუკუნით თარიღდება და დღეს მუზეუმია. აქედან იშლება ულამაზესი ხედები ზღვაზე.
მლაშე ტბები
ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ეს ტბა ათასობით ფლამინგოს მასპინძლობს, რაც დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. ზაფხულში ტბა შრება და მარილის თეთრ ზედაპირს წარმოადგენს.
ლარნაკას არქეოლოგიური მუზეუმი
თუ ისტორია გაინტერესებთ, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ დაცულია არტეფაქტები ნეოლითური ხანიდან რომაულ პერიოდამდე.
ყვინთვა
თუ მყვინთავობა გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ გემ “ზენობიას” ჩაძირულ ადგილს (Zenobia). ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩაძირული ხომალდია მსოფლიოში მყვინთავებისთვის.
წმინდა ლაზარეს ეკლესია
მე-9 საუკუნის ეს ბიზანტიური ეკლესია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლია. ითვლება, რომ აქ წმინდა ლაზარეს ნეშტია დაკრძალული.
ჰალა სულთან თექეს მეჩეთი
ლარნაკას მლაშე ტბის სანაპიროზე მდებარე ეს ულამაზესი მეჩეთი ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდეა. ის გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღებით.
კამარეს აკვედუკი
რომაული პერიოდის ეს შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც ქალაქს წყლით ამარაგებდა, ლარნაკას ერთ-ერთი სიმბოლოა. განსაკუთრებით ლამაზია ღამით განათებული.
სად ვჭამოთ ლარნაკაში?
ტრადიციული კვიპროსული სამზარეულო
- To Kazani Traditional Tavern: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ტრადიციული კვიპროსული სამზარეულოს დასაგემოვნებლად. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მეზე, რაც მრავალი პატარა კერძისგან შემდგარი ნაკრებია და საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ ყველაფერი ერთად – ხორცი, ბოსტნეული, სალათები და, რა თქმა უნდა, ჰალუმი (ადგილობრივი ყველი). ატმოსფერო აქ ძალიან ავთენტური და თბილია.
- Militzis Restaurant: თუ ნამდვილი კვიპროსული გემოები გსურთ, ეს ტავერნა შესანიშნავი არჩევანია. აქ განსაკუთრებით პოპულარულია ხორცის კერძები, მაგალითად, კლეფტიკო (ნელა გამომცხვარი ცხვრის ხორცი) და სუვლა (დიდი ზომის შამფურზე შემწვარი ხორცი).
- Stou Roushia: ეს ადგილი ცნობილია თავისი ტრადიციული რეცეპტებითა და მეგობრული ატმოსფეროთი. აქაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი მეზე და ადგილობრივი ღვინოები.
საერთაშორისო და თანამედროვე სამზარეულო
- Art Cafe 1900: თუ უფრო არტისტული და ბოჰემური ატმოსფერო გსურთ, ეს კაფე-რესტორანი შესანიშნავია. აქ ნახავთ თანამედროვე ევროპულ სამზარეულოს, სალათებს და უგემრიელეს დესერტებს.
- Ambiance Restaurant: ეს ადგილი გთავაზობთ დახვეწილ გარემოს და ხმელთაშუა ზღვისა და საერთაშორისო სამზარეულოს შერწყმას. იდეალურია რომანტიკული ვახშმისთვის.
- Lush Beach Bar Resto: მაკენზი ბიჩზე მდებარე ეს ადგილი შესანიშნავია მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში პლაჟზე დასვენება და შემდეგ გემრიელი კოქტეილები და თანამედროვე სამზარეულო სურს. ხშირად აქვთ DJ სეტები და ცოცხალი მუსიკა.
ზღვის პროდუქტები
- Zephyros Restaurant: ფინიკუდესის სანაპიროზე მდებარე ეს რესტორანი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის სამოთხეა. აქ ყოველთვის ახალი თევზეული და ზღვის პროდუქტებია, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ხედთან ერთად მიირთმევთ.
- Ocean Basket: ეს არის პოპულარული ქსელური რესტორანი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ ზღვის პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის სუშის.
- Piers One: ლარნაკას მარინასთან ახლოს მდებარეობს და გთავაზობთ ახალ ზღვის პროდუქტებს და სასიამოვნო ატმოსფეროს წყლის პირას.
სწრაფი კვება და კაფეები
ლარნაკაში უამრავი პატარა კაფე და საცხობი ნახავთ, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ნამცხვრები, ყავა და სწრაფი კვების ობიექტები:
- Mcdonald’s
- Burger King
- Pizza Hut
- KFC
ახლოდან დანახული ლარნაკა





სად ვიშოპინგოთ ლარნაკაში?
ლარნაკაში შოპინგი საკმაოდ მრავალფეროვანია – აქ ნახავთ როგორც დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ მაღაზიებს, ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და სუვენირების პატარა მაღაზიებს.
მოლები
- Metropolis Mall: ლარნაკას ყველაზე დიდი და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2021 წელს გაიხსნა. აქ ნახავთ საერთაშორისო ბრენდებს ტანსაცმლის, აქსესუარების, სილამაზის პროდუქტებისა და ელექტრონიკის განყოფილებებში. ასევე არის კვების ზონა და გასართობი სივრცეები. ეს იდეალური ადგილია, თუ გსურთ ყველაფერი ერთ სივრცეში იპოვოთ.
- ERA Zenon არის მსხვილი უნივერმაღი ლარნაკაში, კვიპროსზე. ის წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო დანიშნულების ადგილს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ მრავალფეროვანი პროდუქცია. თუ ლარნაკაში შოპინგი გსურთ და ეძებთ ერთ ადგილას თავმოყრილ მრავალფეროვან პროდუქციას, ERA Zenon შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს თქვენთვის.
ცნობილი ბაზრები
- Larnaca Municipal Market (ლარნაკას მუნიციპალური ბაზარი) – ადგილობრივების საყვარელი ადგილი დილაობით – ლარნაკას მუნიციპალური ბაზარი. აქ შეიძენთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ადგილობრივ პროდუქტებს, ასევე დაათვალიერებთ ხელნაკეთ და სასუვენირო ნივთებს.
- Finikoudes Market (ფინიკუდესის ბაზარი) – ფინიკუდესის ბაზარი შაბათ-კვირას ფუნქციონირებს და შესანიშნავი ადგილია სუვენირების, ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად.
ყველაზე ცნობილი ქუჩები საშოპინგოდ
- Ermou Street (ერმუს ქუჩა): ეს ლარნაკას მთავარი სავაჭრო ქუჩაა. აქ განთავსებულია ცნობილი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა Armani Jeans, Hugo Boss, Burberry, D&G, Polo Jeans, Kenzo, Valentino და სხვა. თუ ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები გაინტერესებთ, ეს ქუჩა აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ამბობენ, რომ აქ ფასები ევროპის დიდ ქალაქებთან შედარებით 30-50%-ით დაბალია, ხოლო ფასდაკლებების სეზონზე (აგვისტო და თებერვალი) 50-70%-იანი ფასდაკლებებიცაა შესაძლებელი.
- Zenonos Kitieos Street (ზენონოს კიტიეოს ქუჩა): ეს ქუჩა ერმუს ქუჩის პარალელურად მდებარეობს და ასევე დატვირთულია მაღაზიებით. აქ ნახავთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბუტიკებს.
ადგილობრივი მაღაზიები
Lefkara Lace – აქ ულამაზეს მაქმანებიან სამოსსა თუ აქსესუარებს ნახავთ. თუ ორიგინალური ნივთების არჩევა გინდათ, ეწვიეთ ადგილობრივების ამ მაღაზიას.
Viniculture Boutique – თუ სამახსოვროდ ადგილობრივი პროდუქციის, თაფლის, ღვინის, ზეთისხილისა თუ სხვა პროდუქტების წაღება გსურთ სამშობლოში, ეწვიეთ ამ მაღაზიას.
როდის არის საუკეთესო დრო ლარნაკაში სამოგზაუროდ?
ლარნაკა ცნობილია ულამაზესი ხმელთაშუა ზღვის პლაჟებით. აქ თითქმის ყოველთვის კარგი ამინდია, მაგრამ ზაფხული საუკეთესო დროა სამოგზაუროდ, რადგან მაშინ შეგიძლიათ მაქსიმალურად დატკბეთ მზითა და ზღვით. მართალია, ზაფხულში ტურისტების სიმრავლეა, მაგრამ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მაინც მარტივად შეძლებთ. ლარნაკა დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ!
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ლარნაკაში?
ლარნაკაში გადაადგილებისთვის რამდენიმე მოსახერხებელი ვარიანტი არსებობს, რაც თქვენს პრეფერენციებსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული:
ავტობუსი
ლარნაკაში გადაადგილების ყველაზე პოპულარული და ბიუჯეტური საშუალება ავტობუსია. ერთჯერადი ბილეთი 1.50-დან 2.50 ევრომდე ღირს და ავტობუსით მარტივად მიაღწევთ ქალაქის ნებისმიერ წერტილს, მათ შორის სანაპირო ზოლსაც.
მანქანის ქირაობა
თუ კვიპროსის სხვა ქალაქების ან ლარნაკის შემოგარენის დათვალიერებას აპირებთ, მანქანის დაქირავება ყველაზე მოქნილი ვარიანტია. ეს მოგცემთ სრულ თავისუფლებას და შესაძლებლობას, მოინახულოთ შორეული პლაჟები და ღირსშესანიშნაობები თქვენი სურვილისამებრ.
ლარნაკაში მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი მანქანის გაქირავების კომპანიაა (მაგალითად, Avis, Budget, Hertz, Europcar, Alamo, Sixt). დაქირავების ღირებულება დამოკიდებულია მანქანის ტიპზე, სეზონზე და დაქირავების ხანგრძლივობაზე. საშუალოდ, ფასები იწყება $20-$40 დღეში. პარკინგიც საკმაოდ იაფია, 1 საათი 1 ევრო ღირს საპარკინგე სივრცეებში.
ფეხით
ლარნაკა შედარებით კომპაქტური ქალაქია, განსაკუთრებით მისი ცენტრალური ნაწილი და სანაპირო ზოლი. ყველაზე ბიუჯეტური და სასიამოვნო გზა ქალაქის ატმოსფეროს შესაგრძნობად. ფინიკუდესის სანაპირო იდეალურია სასეირნოდ.
რომელია საუკეთესო სანაპიროები ლარნაკაში?
ლარნაკა მრავალფეროვანი სანაპიროებით გამოირჩევა, რომლებიც ყველა გემოვნებას აკმაყოფილებს – აქ ნახავთ როგორც ხმაურიან და აქტიურ პლაჟებს, ასევე მშვიდ და განმარტოებულ ადგილებს.
კასტელას სანაპირო (Kastella Beach - Blue Flag)
კასტელას სანაპირო ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს, მაგრამ მცირე მანძილი ნამდვილად არაფერია იმ სილამაზესთან შედარებით, რასაც იქ იპოვით. მისი ოქროსფერი ქვიშა და კრისტალურად სუფთა წყალი, რომელმაც “ლურჯი დროშის” სტატუსი მოიპოვა, გარანტიას გაძლევთ დაუვიწყარი დასვენების.
ლარნაკას სანაპირო (Larnaca Beach)
ლარნაკის გულში მდებარე ლარნაკას სანაპირო ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი და საყვარელი სანაპირო ზოლია. მისი მოსახერხებელი მდებარეობა საშუალებას გაძლევთ მარტივად მიხვიდეთ სხვადასხვა გასართობ სივრცეებთან, მყუდრო კაფე-ბარებთან და მნიშვნელოვან ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებთან. სანაპიროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მისი ცნობილი პალმებიანი სასეირნო ბილიკები, რომლებიც იდეალურია სასიამოვნო გასეირნებისთვის.
წმინდა თეოდორეს სანაპირო (Agios Theodoros Beach)
გაემართეთ წმინდა თეოდორეს სანაპიროზე, რომელიც განთქმულია თავისი თვალწარმტაცი, ოქროსფერი ქვიშით. აქ სრულყოფილად დაისვენებთ, შემდეგ კი სანაპიროზე მდებარე რესტორნებს ეწვიეთ, სადაც ახალ ზღვის პროდუქტებსა და სხვა ადგილობრივ დელიკატესებს შემოგთავაზებენ.
ფინიკუდესი (Finikoudes)
ლარნაკას ფინიკუდესის სანაპირო ნამდვილად შთამბეჭდავია – ის არა მხოლოდ კვიპროსის, არამედ მთელი სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს სანაპირო ზოლად ითვლება. გარდა მზის აბაზანებისა და წყალში ცურვისა, აქ შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაისეირნოთ პალმებით გაფორმებულ პრომენადზე და დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები სანაპიროზე განლაგებულ მრავალრიცხოვან კაფეებსა და რესტორნებში.
მაკენზის სანაპირო (Makenzie Beach)
მაკენზის სანაპირო, რომელიც ლარნაკას აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, დასვენების უჩვეულო შესაძლებლობას გთავაზობთ. მისი ქვიშიანი ნაპირები იდეალურია რელაქსაციისთვის, ამასთანავე, შეგიძლიათ დატკბეთ ცაში მოძრავი თვითმფრინავების სანახაობით, რაც ამ პლაჟს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
დეკელიას სანაპირო (Dhekelia Beach)
გამოიკვლიეთ ლარნაკის ყველაზე ვრცელი სანაპირო ზოლი, დეკელია ბიჩი, რომელიც თავისი გაშლილი სიგრძით თითქოს არასოდეს მთავრდება. ამ სანაპიროზე განლაგებულია მრავალი რესტორანი და კაფე-ბარი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული კვიპროსული, ისე მსოფლიო კულინარიული სიამოვნებები.
რომელია საუკეთესო პარკები ლარნაკაში?
ლარნაკაში რამდენიმე შესანიშნავი პარკი და მწვანე სივრცეა, რომლებიც დასვენებისთვის, სპორტისთვის ან უბრალოდ ბუნებით ტკბობისთვისაა განკუთვნილი.
ლარნაკას მუნიციპალური ბაღები (Larnaca Municipal Gardens)
ეს არის ლარნაკას ყველაზე ცენტრალური და ვრცელი მუნიციპალური პარკი, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს. ის მოიცავს დიდ ტერიტორიას, სადაც სხვადასხვა ობიექტია თავმოყრილი.
იდეალურია ოჯახებისთვის, რადგან აქ ნახავთ ბავშვთა სათამაშო მოედანს მრავალფეროვანი ატრაქციონებით. ასევე განთავსებულია მუნიციპალური თეატრი, ბიბლიოთეკა და ბუნების ისტორიის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ცხოველების, ფრინველების, ზღვის არსებების, ჭურვებისა და მწერების კოლექციები. ბაღებში არის კაფეტერია, სადაც შეგიძლიათ შეისვენოთ. აქ არის ასევე სკულპტურები და ინტერაქტიული მონუმენტები.
ლარნაკას მლაშე ტბის ბილიკები (Larnaca Salt Lake Trails)
ლარნაკას მლაშე ტბის მიმდებარე ტერიტორია არ არის ტრადიციული პარკი, მაგრამ გთავაზობთ ულამაზეს ბუნებრივ გარემოს და საფეხმავლო ბილიკებს.
ეს 4 კმ სიგრძის ბუნების ბილიკი ტბის ირგვლივ გადის და კამარეს აკვედუკამდე მიდის. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მშვიდი გასეირნებით, სირბილით და, რაც მთავარია, ზამთრის თვეებში (ნოემბრიდან მარტამდე) ათასობით ფლამინგოს ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც ტბაზე იზამთრებენ. ბილიკზე არის სკამები და მცენარეების შესახებ ინფორმაცია.
აგიოს გეორგიოს კონტუს პარკი (Agiou Georgiou Kontou Park)
ეს არის დიდი პარკი, სადაც ბავშვებისთვის გასართობი მოედნებია.
აქ ნახავთ სათამაშოებს ყველა ასაკისთვის, მათ შორის ზიპ-ლაინებს და დაბალ კონსტრუქციებს პატარებისთვის. პარკს აქვს კაფე დასაჯდომი ადგილებით, პიკნიკის მაგიდები, ასევე საჩოგბურთო, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები.
სალინას პარკი (Salina Park)
სალინას პარკი მუნიციპალურ ბაღებთან ახლოს მდებარეობს და მათთან ერთად ქმნის ლარნაკას უდიდეს მწვანე ზონას.
ეს 14,000 კვადრატული მეტრის ფართობის პარკი გთავაზობთ დასასვენებელ სივრცეს ყველასთვის. აქ არის სათამაშო მოედანი, საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები, ხელოვნური ტბა, გამაგრილებელი ცენტრი და ამფითეატრი კულტურული ღონისძიებებისთვის.
პატიხეიოს პარკი (Patticheio Park)
მდებარეობს არტემის გამზირის ჩრდილოეთით. პარკი ცნობილია თავისი 2 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკით. აქ არის კვიპროსული მცენარეებისა და ცხოველების იშვიათი სახეობები. ასევე ნახავთ ღია ცის ქვეშ ამფითეატრს, რომელიც საღამოობით განათებულია.
სხვა საინტერესო ადგილები
- აქლემების პარკი მაზოტოსში (Camel Park Mazotos): ლარნაკიდან მცირე მანძილზე, აქ შეგიძლიათ აქლემებზე გასეირნება, ცხოველებთან ურთიერთობა და დასვენება სათამაშო მოედანზე და საცურაო აუზზე.
- WOW Action Park: თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ და გსურთ მეტი აქტივობა, ეს არის დიდი სათამაშო მოედანი ლარნაკაში, მრავალფეროვანი სასრიალოებით, ტრამპლინებით და ასასვლელი კედლებით.
ხშირად დასმული კითხვები ლარნაკაზე
რამდენი დღეა საკმარისი ლარნაკას მოსანახულებლად?
ლარნაკის სილამაზისა და ისტორიის აღმოსაჩენად, მათ შორის სანაპიროებზე დასვენებისთვის, სულ ცოტა 3 დღეა საჭირო.
რა უნდა წავიღოთ ლარნაკაში?
ლარნაკაში მოგზაურობისას, თქვენი კომფორტული და უდარდელი დასვენებისთვის, წინასწარ იზრუნეთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე:
პირველ რიგში, მოაწესრიგეთ ყველა დოკუმენტი, მათ შორის პასპორტი, და არ დაგავიწყდეთ ფრენისთვის აუცილებელი კომფორტული ნივთები (მაგალითად, საგზაო ბალიში). დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი გაჯეტი და მათი დამტენი თან გაქვთ. ლარნაკა ფეხით სავალი ქალაქია და ბევრ სიარულს მოგიწევთ, ამიტომ აუცილებლად ჩაალაგეთ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი. და ბოლოს, რადგან ქალაქი ულამაზესი სანაპირო ზოლებითაა განთქმული, არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღება.
რით არის გამორჩეული ლარნაკა?
ლარნაკა გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უძველესი კულტურით, რაც მასში არსებულ მრავალრიცხოვან ძეგლებში აისახება. ქალაქი ასევე განთქმულია ულამაზესი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით, მათ შორის ცნობილი ფინიკუდესითა და მაკენზით, რომლებიც დასვენების, გართობისა და წყლის სპორტის მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობენ. განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ლარნაკას მლაშე ტბა, სადაც სეზონურად ათასობით ფლამინგო იზამთრებს, რაც მას უნიკალურ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად აქცევს. ყოველივე ეს ლარნაკას კვიპროსის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და გამორჩეულ ქალაქად აქცევს.
რამდენად ძვირია ლარნაკა?
ლარნაკაში მოგზაურობა ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ხელმისაწვდომია. თუ გონივრულად და წინასწარ დაგეგმავთ, ავიაბილეთები და სასტუმროებს კიდევ უფრო ბიუჯეტურ ფასად იშოვით.
რამდენად უსაფრთხოა ლარნაკაში მოგზაურობა?
ლარნაკა უსაფრთხო ქალაქია ტურისტებისთვის, თუმცა მაინც სასურველია, თქვენს პირად ნივთებს ყურადღება მიაქციოთ.
როდისაა საუკეთესო დრო ლარნაკაში სამოგზაუროდ?
ლარნაკაში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ამ დროს ამინდი იდეალურია როგორც სანაპიროზე დასვენებისთვის, ისე ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის, რადგან ძლიერი სიცხე არ შეგაწუხებთ.
რომელია ლარნაკასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
ლარნაკასთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტი არის ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი (LCA).
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ლარნაკაში?
ლარნაკაში გამგზავრება შესაძლებელია საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან: თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი რეისები სრულდება, ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ ჩაფრენას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ლარნაკაში?
თბილისიდან ლარნაკის მიმართულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ Georgian Airways-ის, Aegean Airlines-ის, LOT-ის და სხვა ავიაკომპანიების მომსახურებით. მათ შორის, Georgian Airways გთავაზობთ პირდაპირ ფრენებს. ქუთაისიდან კი, პირდაპირი რეისით გამგზავრებისთვის, Wizz Air-ის დაბალბიუჯეტური ფრენებია ხელმისაწვდომი.
როგორ შევიძინოთ ლარნაკას ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, ავიაბილეთები 1-2 თვით ადრე დაჯავშნოთ. ასევე, სასურველია ფრენები კვირის დღეებში შეიძინოთ და არა შაბათ-კვირას.